saqarTvelos myinvarebi - devdarakis myinvari
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | კავკასიონი |
კოორდინატები | 42°42`00` ჩ. გ. 44°31`00` ა. გ. |
ფართობი | 4.00 კმ² |
ტიპი | დაკიდული |
მდგომარეობა | პულსაციური |
დაკიდული ტიპის სამი მყინვარი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მყინვარწვერის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის ყაბახის სათავეში.
მყინვარები ჩრდილოეთ და სამხრეთ დევდარაკი მდინარე ამალის აუზში ყველაზე დიდი მყინვარებია, რომელთა საერთო ფართობია 4,00 კმ². ორივე მათგანი დაკიდული ხეობის ტიპის მყინვარია და ჩრდილო-აღმოსავლური ექსპოზიციით ხასიათდება. აღნიშნული მყინვარები 1960 წელს ერთი მყინვარის სახით იყო წარმოდგენილი, რომელთა ფართობი 4,82 კმ² იყო.
დევდარაკის მყინვარი სამ ნაწილად დაიშალა, ჩრდილოეთით მდებარე ნაკადს გამოეყო ჰიფსომეტრიულად უფრო მაღალ სიმაღლეზე მდებარე სამხრეთი ნაკადი. კოსმოსური სურათების მიხედვით ირკვევა, რომ მყინვარების ერთმანეთისაგან გაყოფა დაახლოებით 2000 წელს უნდა მომხდარიყო. მესამე მცირე ზომის დაკიდული ტიპის მყინვარი მათგან სამხრეთ აღმოსავლეთით ზღვის დონიდან დაახლოებით 4000 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
დევდარაკის მყინვარი ცნობილია თავისი მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებით, რომელიც აღინიშნა 1776, 1778, 1785, 1808, 1817 და 2007 წლებში მძლავრი ჩამოზვავება მოხდა 1832 წელს, როდესაც ყინულოვანმა ზვავმა დააგუბა მდინარე თერგი და მისი დინება შეაჩერა 8 საათით. ჯებირის გარღვევის შემდეგ გლაციალურმა ღვარცოფმა დიდი ზიანი მიაყენა ქალაქ ვლადიკავკაზს. ინტენსიური მოძრაობით გამოწვეული ნგრევები იწვევდა წყლის შეგუბებას, კატასტროფულ წყალმოვარდნებს დარიალის ხეობაში, ზიანდებოდა საქართველოს სამხედრო გზა.
ბოლო მსგავსი სახის კატასტროფული გლაციალური ღვარცოფი მყინვარ დევდორაკზე 2014 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში დაფიქსირდა. დევდარაკის ბოლოსა და ბართქორთის ქედზე გადის მყინვარწვერზე ასასვლელი ერთ-ერთი მოხერხებული გზა.